აშშ-ს სახელმწიფო მდივნის პოლიტიკური გზავნილები

ამერიკის პირველი დიპლომატის გზავნილებმა ქართული პოლიტიკური სპექტრი ორად გაყო. მაიკ პომპეოს გამოსვლას მმართველი გუნდი და ოპოზიცია სხვადასხვა ინტერპრეტაციით კითხულობს.

პრემიერ მამუკა ბახტაძესთან გამართული შეხვედრის შემდეგ გაკეთებულ განცხადებებში „ქართული ოცნება“ სტრატეგიული პარტნიორის ურყევ მხარდაჭერას ხედავს და ოპონენტებს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის დაკნინების მცდელობაზე მიუთითებს. განსაკუთრებული აქცენტი გამოსვლის იმ ნაწილზე კეთდება, სადაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ნატოში გაწევრიანების გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე და ქვეყნის სწორად განვითარებაზე საუბრობდა. თუმცა ოპოზიციამ განცხადებებიდან რამდენიმე კრიტიკული გზავნილიც ამოიკითხა. ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ, რომ ოფიციალურმა ვაშინგტონმა თბილისს სასამართლო სისტემის და არჩევნების გამო გაფრთხილება მისცა.