აშშ-ის თავდაცვითი უსაფრთხოების თანამშრომლობის სააგენტოს გადაწყვეტილება

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვითი უსაფრთხოების თანამშრომლობის სააგენტომ საქართველოსთვის 30 მილიონი დოლარის ღირებულების „ჯაველინის“ რაკეტებისა და მასთან დაკავშირებული აღჭურვილობის შესაძლო გაყიდვა დაამტკიცა. ამის შესახებ სააგენტომ კონგრესს დღეს აცნობა. სააგენტოს განცხადების თანახმად, საქართველოს მთავრობამ მოითხოვა „ჯაველინის“ ტანკსაწინააღმდეგო მართვადი 82 რაკეტისა და 46 მართვადი გამშვები დანადგარის შესყიდვა. „აღნიშნული შემოთავაზებული გაყიდვა, საქართველოს უსაფრთხოების გაუმჯობესების გზით, გააძლიერებს ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკასა და ეროვნულ უსაფრთხოებას. საქართველო ადვილად შეძლებს აღნიშნული სისტემის შეთავსებას საკუთარ შეიარაღებულ ძალებთან. საქართველო სტრატეგიული პარტნიორია და რეგიონის უსაფრთხოებასა და სტაბილურობაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს. „ჯაველინის“ სისტემა დაეხმარება საქართველოს, გააძლიეროს საკუთარი თავდაცვისუნარიანობა და დაიცვას თავისი სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა. აღნიშნული აღჭურვილობის შემოთავაზებული გაყიდვა და მხარდაჭერა არ შეცვლის რეგიონში ძირითად სამხედრო ბალანსს“, – ნათქვამია თავდაცვითი უსაფრთხოების თანამშრომლობის სააგენტოს განცხადებაში.