აშშ-ის თავდაცვის მდივნის ვიზიტი

შვიდწლიანი პაუზის შემდეგ ამერიკის თავდაცვის მდივანი საქართველოში ჩამოდის. ქვეყანა მაღალი დონის ვიზიტისთვის ემზადება.

ლოიდ ოსტინი თბილისს მომდევნო კვირას რეგიონული ტურნეს ფარგლებში ესტუმრება. ქართული მხარე სტრატეგიულ პარტნიორთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებას ელის. ოსტინი პენტაგონს მიმდინარე წლის იანვრიდან ხელმძღვანელობს. იყო ერაყში აშშ-ის სამხედრო ძალების ბოლო მეთაური. ჯო ბაიდენის და მისი ურთიერთობა კი ჯერ კიდევ ბაიდენის ვიცე-პრეზიდენტობის დროს დაიწყო, როცა ოსტინი ცენტრალური სარდლობის მეთაურის პოზიციას იკავებდა. ბუნებრივია, მაღალი დონის შეხვედრების დროს განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა იქნება. რეგიონული ტურნე ოსტინმა ბრიუსელში, ნატოს თავდაცვის მინისტერიალზე უნდა დაასრულოს. აშშ-ის თავდაცვის მდივნის და მისი ქართველი კოლეგის პირველი კომუნიკაცია თვეების წინ ტელეფონით შედგა. მაშინ ოფიციალურმა თბილისმა ოსტინისგან რუსული აგრესიის და მავნე გავლენების ფონზე საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებაში დახმარების დაპირება მიიღო. ვიზიტის მიმართ ინტერესს კიდევ უფრო ზრდის სამხრეთ კავკასიის რეგიონში შექმნილი ახალი გეოპოლიტიკური რეალობაც.