ამერიკის შეცვლილი საგარეო პრიორიტეტები – დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის ხედვა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის სტრატეგიული გეგმის დოკუმენტად იქცა.
ოფიციალური ვაშინგტონი პრიორიტეტად ეროვნული ინტერესებისა და სუვერენიტეტის დაცვას აცხადებს და ამ კონტექსტში განიხილავს ყველა საგარეო დახმარებას. სუსტი კონტინენტი, რომელსაც ნაკლებად შეუძლია თავის დაცვა – ასეა დახასიათებული დღევანდელი ევროპა, რომელსაც პარტნიორობის შესანარჩუნებლად აშშ კონკრეტულ რეკომენდაციებს სთავაზობს. საკუთარი მიზნებიდან გადახვევის არგუმენტით სახელმწიფო დეპარტამენტი მკაცრად აკრიტიკებს საერთაშორისო ორგანიზაციებს. აქცენტი „იუესაიდზე“ კეთდება, რომლის პროგრამები ახლა სახელმწიფო დეპარტამენტის დაქვემდებარებაშია. დოკუმენტში განვითარებულ ნარატივს, რომელიც უცხოური დახმარების პრაქტიკის შეცვლას ეხება, ზუსტად იმეორებს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი, რომელიც საქართველოში უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის მიღებასაც იხსენებს. იმ ფონზე, რომ უცხოური დაფინანსების გასაკონტროლებლად საკანონმდებლო რეგულაციები ბოლო პერიოდში არაერთმა დასავლურმა სახელმწიფომ მიიღო, მაიკ ბენცი ვრცლად საუბრობს, რატომ დაარქვა თავის დროზე ბაიდენის ადმინისტრაციამ საქართველოში ინიცირებულ და აქციების ფონზე მიღებულ კანონს რუსული.