ბობ მენენდესი პირველი ამერიკელი სენატორი გახდა, რომელიც უცხოურ აგენტად მოქმედებაში დამნაშავედ ცნეს. ამის შესახებ სტატიას ანალიტიკური ფორუმი Just Security აქვეყნებს. როგორც სტატიაშია აღნიშნული, დემოკრატიული პარტიის წევრისთვის 16 ბრალდებაში დამნაშავედ ცნობა ფატალური დარტყმა იყო მისი 30-წლიანი კარიერისთვის.
სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ განსაკუთრებით საყურადღებოა მე-14 და მე-15 პუნქტები, რომელთა თანახმადაც, მენენდესს ბრალი ედება ეგვიპტის მთავრობის აგენტად მოქმედებისთვის, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ლიდერის პოზიციის გამოყენებაში. კანონი, რომლის დარღვევაშიც მენენდესი დამნაშავედ ცნეს, საჯარო თანამდებობის პირებს უკრძალავს უცხოურ აგენტად ან ლობისტად მოქმედებას.
შეგახსენებთ, ამერიკელი სენატორი ბობ მენენდესი 16 ივლისს დამნაშავედ ცნეს. სენატორს თაღლითობაში, უცხოური აგენტის როლის შესრულებაში და მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლაში ედება ბრალი. პროკურორების განცხადებით, ამერიკელი სენატორი ქრთამის აღების რამდენიმე სქემაში მონაწილეობდა, რომლის დროსაც სენატორმა და მისმა მეუღლემ, ეგვიპტის მთავრობის დახმარების სანაცვლოდ, სამი ბიზნესმენისგან ასობით ათასი დოლარის ოდენობის ნაღდი ფული, ოქროს ზოდები და ძვირადღირებული მანქანა მიიღეს.
თავად სენატორი რვაკვირიანი სასამართლო პროცესის განმავლობაში ბრალს არ აღიარებდა. აღნიშნულ საქმეებზე ბრალდებულია მისი მეუღლეც, თუმცა სასამართლო პროცესი ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადაიდო.