„უკრაინელები მარიუპოლში პოზიციებს ინარჩუნებენ“, – ასეთია ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის, ნედ პრაისის ინფორმაცია. მისი თქმით, ვაშინგტონში მიიჩნევენ, რომ რუსეთის თავდაცვის მინისტრისა და ვლადიმერ პუტინის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს მარიუპოლი რუსმა სამხედროებმა დაიკავეს და პუტინმა თავად გასცა ბრძანება „აზოვსტალის“ ქარხნის შტურმის გაუქმების შესახებ, დეზინფორმაციაა და მხოლოდ იმაზე მიუთითებს, რომ რუსეთის არმიამ ვერ შეასრულა დასახული ამოცანები. მან კიდევ ერთხელ მოუწოდა რუსეთს, გახსნას ჰუმანიტარული დერეფანი მარიუპოლში, რათა ქალაქში დახმარება ჩავიდეს და მოქალაქეებმა ტერიტორიიდან გასვლა შეძლონ.