აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ადამიანით ვაჭრობის შესახებ ანგარიშს აქვეყნებს, სადაც საუბარია საქართველოზეც. როგორც ანგარიშშია აღნიშნული, საქართველოს მთავრობა სრულად აკმაყოფილებს იმ მინიმალურ სტანდარტებს, რომლებიც ადამიანით ვაჭრობის აღმოსაფხვრელადაა საჭირო. საანგარიშო პერიოდში მთავრობის მიერ სერიოზული და მდგრადი ძალისხმევის დემონსტრირების გამო, საქართველო „პირველ დონეზე“ დარჩა. კერძოდ, გაიზარდა ტრეფიკერების დევნა და გასამართლება, ასევე მეტი მსხვერპლი იქნა იდენტიფიცირებული და გაიზარდა თავშესაფრებისთვის დაფინანსებაც. ამასთან, განცხადებაში ნათქვამია, რომ პირველად რამდენიმე წლის განმავლობაში, მსხვერპლებს კომპენსაციაც მიენიჭათ. თუმცა, ანგარიშში ასევე მითითებულია პრობლემებიც – ტრეფიკინგის საქმეების გამოძიება შემცირდა, სექსუალური ტრეფიკინგის საქმეებზე რეაგირება არასაკმარისი იყო, უცხოელი მსხვერპლების რეპატრიაციას კი ხშირად ბიუროკრატიული ბარიერები ახლდა თან. ანგარიშის თანახმად, ტრეფიკერები ქართველი ქალებისა და გოგონების ექსპლუატაციას ახდენენ როგორც ქვეყნის შიგნით, განსაკუთრებით აჭარაში, ისე საზღვარგარეთ – კვიპროსში, ეგვიპტეში, თურქეთსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში. მსხვერპლებს ისინი მაღალანაზღაურებადი სამუშაოების ცრუ დაპირებით იტყუებენ. რეკომენდაციებში ხაზგასმულია უფრო აქტიური გამოძიების, მსხვერპლთა იდენტიფიცირების და სამოქალაქო სექტორთან თანამშრომლობის გაძლიერების აუცილებლობა.