სუს-ი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს ეხმაურება, სადაც წერია, რომ საქართველომ განაგრძო ურყევი ძალისხმევა კონტრტერორიზმის საკითხებში და დარჩა აშშ-ის მტკიცე პარტნიორად უსაფრთხოების მიმართულებით. ანგარიშში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანასთან ერთად, შეფასებულია საქართველოს მიერ განხორციელებული ღონისძიებები ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით. ტერორიზმთან დაკავშირებული ვითარება კვლავ მშვიდი და სტაბილური იყო და ტერორისტული ინციდენტები არ დაფიქსირებულა.
დოკუმენტში მითითებულია, რომ 2023 წელს საქართველოს არცერთი მოქალაქე არ ყოფილა იდენტიფიცირებული ტერორისტული აქტივობებისთვის სირიაში ან ერაყში გამგზავრების კუთხით. ასევე ხაზგასმულია, საქართველომ განაგრძო თავისი მეორე, 2022-2026 წლების ეროვნული კონტრტერორისტული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელება.
დადებითადაა შეფასებული სახელმწიფო საზღვრის დაცვასა და საზღვაო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი უწყებების შესაძლებლობები, ქვეყნის სახმელეთო და საზღვაო საზღვრებზე პირველადი რეაგირების განხორციელების კუთხით. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველო შეუერთდა გაერო-ს ტერორისტთა გადაადგილების წინააღმდეგ ბრძოლის პროგრამას. ასევე რეგულარულად მონაწილეობს ინტერპოლის ფარგლებში დოკუმენტებისა და მგზავრთა შესახებ ინფორმაციის გაზიარებაში. ქვეყანა მჭიდროდ თანამშრომლობს ნატო-სთან, გაერო-სთან, ევროპის საბჭოსთან, ევროპის კავშირთან, ეუთო-სთან, ინტერპოლთან და სხვა ორგანიზაციებთან. ქვეყანა არის „დაეშის“ წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური კოალიციის წევრი და მონაწილეობს კოალიციის სხვადასხვა სამუშაო ჯგუფის შეხვედრებში“, – ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.