ტრამპის მხრიდან უკრაინის პრეზიდენტის კრიტიკა მას შემდეგ გამძაფრდა, რაც ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინაში არჩევნების ჩატარების მოთხოვნა რუსეთიდან მოდის და ტრამპი დეზინფორმაციულ სივრცეში იმყოფება, რომელსაც რუსეთი მართავს. საპასუხოდ აშშ-ის ვიცე პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტის მხრიდან აშშ-ის პრეზიდენტის მიმართ კრიტიკა მიუღებელია და ასეთმა მიდგომამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას უკრაინის ურთიერთობებს აშშ-თან. ამასთან ერთად, ვენსმა კიდევ ერთხელ თქვა, რომ უკრაინაში არჩევნების ჩატარება აუცილებელია და ზელენსკი უნდა დაემორჩილოს დემოკრატიულ მანდატს. აღსანიშნავია ისიც, რომ ტრამპის მხრიდან ზელენსკის მიმართ ხისტი განცხადებები იმ ფონზე გაისმა, როდესაც ცნობილი გახდა, რომ უკრაინამ უარი თქვა აშშ-თან უკრაინის ტერიტორიაზე არსებული იშვიათი მეტალების შესახებ შეთანხმების ხელმოწერაზე. უკრაინის პრეზიდენტმა ტრამპის განცხადებების ფონზე ტრადიციული ვიდეომიმართვა ჩაწერა, სადაც თქვა, რომ უკრაინელების ერთობისა და სიმამაცის და ამერიკული პრაგმატიზმის იმედი აქვს.