აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების 2025 წლის სტრატეგია გამოაქვეყნა. დოკუმენტში ევროპაში აშშ-ის პრიორიტეტებს შორის დასახელებულია „ნატო-ს, როგორც მუდმივად გაფართოებადი ალიანსის აღქმის დასრულება“.

დოკუმენტის თანახმად, ევროპის მოსახლეობის უმრავლესობა მშვიდობას ითხოვს, თუმცა ეს სურვილი პოლიტიკაში არ აისახება, დიდწილად მათი მთავრობების მიერ დემოკრატიული პროცესებისთვის ძირის გამოთხრის გამო. დოკუმენტში აშშ-ის ერთ-ერთ მიზნად, დასახელებულია ევროპის დახმარება, მისი ამჟამინდელი ტრაექტორიის გამოსწორებაში. დოკუმენტის თანახმად, ამერიკულმა დიპლომატიამ უნდა გააგრძელოს ნამდვილი დემოკრატიის, გამოხატვის თავისუფლებისა და ევროპული ქვეყნების ინდივიდუალური ხასიათისა და ისტორიის აღნიშვნის მხარდაჭერა. ამერიკა მოუწოდებს თავის პოლიტიკურ მოკავშირეებს ევროპაში, ხელი შეუწყონ სულისკვეთების ამ აღორძინებას და პატრიოტული ევროპული პარტიების მზარდი გავლენა მართლაც დიდი ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა. 2025 წლის სტრატეგიაში ასევე ნათქვამია, რომ ევროპის წინაშე არსებული პრობლემებია ევროკავშირისა და სხვა ტრანსნაციონალური ორგანოების ქმედებები, რომლებიც ძირს უთხრის პოლიტიკურ თავისუფლებას და სუვერენიტეტს; მიგრაციული პოლიტიკა, რომელიც კონტინენტს გარდაქმნის და უთანხმოებას ქმნის; თავისუფალი სიტყვის ცენზურა და პოლიტიკური ოპოზიციის ჩახშობა; შობადობის მკვეთრი შემცირება, ეროვნული იდენტობისა და თავდაჯერებულობის დაკარგვა. „ამჟამინდელი ტენდენციები თუ გაგრძელდება, კონტინენტი 20 წელიწადში ან უფრო ნაკლებ დროში ისე შეიცვლება, რომ ამოუცნობი გახდება. ამიტომ, არც ისე ნათელია, ექნება თუ არა ზოგიერთ ევროპულ ქვეყანას საკმარისად ძლიერი ეკონომიკა და შეიარაღებული ძალები, რათა დარჩნენ საიმედო მოკავშირეებად“, – ნათქვამია დოკუმენტში.