აშშ -ის დახმარება უკრაინას უკრაინას

აშშ უკრაინას დამატებით 550 მილიონი დოლარის იარაღსა და სამხედრო აღჭურვილობას გამოუყოფს. ამის შესახებ ნათქვამია ენტონი ბლინკენის განცხადებაში. მისი ინფორმაციით, დახმარების გამოყოფა აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მარაგებიდან მოხდება. უკრაინისთვის გამოყოფილი ახალი შეიარაღება მოიცავს „ჰაიმარსის“ საარტილერიო სარაკეტო სისტემებს და 155-მილიმეტრიან საარტილერიო სისტემებს, რომლებსაც, სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, „უკრაინის ძალები ასე ეფექტიანად იყენებენ ბრძოლის ველზე თავიანთი ქვეყნის დასაცავად“. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებით, 2021 წლის აგვისტოს შემდეგ, ეს უკრაინისთვის გამოყოფილი იარაღის მე-17 პარტიაა. ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაციის მუშაობის დაწყებიდან, უკრაინისთვის აშშ-ის სამხედრო დახმარების საერთო ღირებულებამ დაახლოებით 9 მილიარდ დოლარამდე შეადგინა.