არქეოლოგიური სამუშაოები რუსთავში
რუსთავში, ქალაქის დიდი ისტორიის დამადასტურებელი კიდევ ერთი აღმოჩენა გაკეთდა. არქეოლოგიურმა ექსპედიციამ, რუსთავის შუა საუკუნეების სასახლის IV დარბაზში, თამარ მეფის მამის – გიორგი III -ის პერიოდის შევარდნიანი მონეტა აღმოაჩინა. მონეტა მე-12 საუკუნის ქართული ნუმიზმატიკის უნიკალური ნიმუშია. ეს არის დღემდე აღმოჩენილი პირველი ქართული მონეტა, რომელზეც მხედრული წარწერაა დატანილი და ქორონიკონით თარიღდება. რუსთავის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ, მიმდინარე ზაფხულის განმავლობაში, სასახლის პირველი, მესამე, მეოთხე, მეხუთე ოთახები სრულად შეისწავლა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს V დარბაზის გათხრები, სადაც კარგად შემონახული ხის იატაკი, დიდი ოდენობით ფეტვი და მარცვლეული, ფეტვით სავსე თიხის დერგი იქნა ნანახი. მნიშვნელოვანი აღმოჩენები გაკეთდა III ოთახშიც, სადაც უნიკალურად მოხატული ჭურჭელი, ადგილობრივი წარმოების მინის სასმისები, მოჭიქული და მოუჭიქავი ჯამები, ქვაბ- ქოთანი, მონეტები და სხვა არტეფაქტები იქნა ნანახი. აღნიშნული ექსპონატები XII- XIII საუკუნეებს მიეკუთვნება. სასახლის ქვედა ფენებიდან კი – ანტიკური პერიოდის ჭურჭელია ამოტანილი.