სერბეთის პარლამენტში დეპუტატებს შორის ჩხუბი მოხდა. ოპოზიციონერმა დეპუტატებმა მმართველ პარტიას ქალაქ ნოვი-სადის რკინიგზის სადგურის შენობის სახურავის ჩამონგრევაზე პასუხისმგებლობის აღება მოსთხოვეს. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ოპოზიციონერმა დეპუტატმა ტრიბუნაზე წითლად შეღებილი ხელის გამოსახულება გააკრა წარწერით „თქვენი ხელები სისხლითაა მოსვრილი“. ამ ფაქტს ჯანდაცვის მინისტრთან შელაპარაკება მოჰყვა, რაც ჩხუბში გადაიზარდა. სადგურის განახლებული სახურავი პირველ ნოემბერს ჩამოინგრა, რასაც 15 ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევის გამო საპროტესტო გამოსვლები დაიწყო. ოპოზიციის ლიდერები და მოსახლეობის ნაწილი მომხდარს მთავრობაში კორუფციასა და ნეპოტიზმს უკავშირებს. სადგურის სახურავის ჩამონგრევის გამო ტრანსპორტის, ინფრასტრუქტურის და ვაჭრობის მინისტრები გადადგნენ, ასევე თანამდებობა დატოვა სერბეთის რკინიგზის სახელმწიფო კომპანიის ხელმძღვანელმა.