არეულობა ესპანეთში

ესპანეთში რეპერის, პაბლო ჰასელის დაპატიმრების გამო უკვე ხუთი ღამეა არეულობა გრძელდება. „როიტერის“ ცნობით, ბარსელონაში დემონსტრანტებმა პოლიციას ბოთლები ესროლეს, ნარჩენების კონტეინერებს ცეცხლი წაუკიდეს და მაღაზიების ვიტრინები ჩაამსხვრიეს. კატალონიის პოლიციის ცნობით, მომიტინგეების დასაშლელად სამართალდამცველებმა პენოპლასტის ტყვიები გამოიყენეს. დაკავებულია რამდენიმე ადამიანი. პოლიციის მონაცემებით, ბარსელონაში გამართულ დემონსტრაციაში ექვსი ათასამდე ადამიანი მონაწილეობდა. ესპანეთის სასამართლომ რეპერი პაბლო ჰასელი მონარქიის შეურაცხყოფასა და ტერორისტული ძალადობის წახალისებაში დამნაშავედ ცნო და მას ცხრა თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. რეპერი 15 თებერვალს დააკავეს. პაბლო ჰასელის მომხრეები მის წინააღმდეგ გამოტანილ განაჩენს სიტყვის თავისუფლების შეზღუდვად აფასებენ. რეპერის მხარდამჭერ პეტიციას 200-ზე მეტმა ხელოვანმა მოაწერა ხელი, მათ შორის, რეჟისორმა პედრო ალმადოვარმა და მსახიობმა ჰავიერ ბარდემმა.

მოამბე