არეულობა და დაპირისპირება კალიფორნიაში
კალიფორნიის შტატი არეულობის ეპიცენტრად რჩება.
ლოს ანჯელესში ეროვნული გვარდიის დამატებითი ძალები შეიყვანეს. ძალადობის პრევენციისა და სიტუაციის დეესკალაციისთვის ქალაქში კიდევ 2 000 ჯარისკაცი, ასევე 700-მდე საზღვაო ქვეითი განლაგდა. საპროტესტო მღელვარებამ მოიცვა ნიუ იორკი და ტექსასიც. შეტაკებებმა, რომლებიც ტრამპის ბრძანებით დაწყებულ საიმიგრაციო რეიდებსა და არალეგალი მიგრანტების სადეპორტაციო პროცედურებს მოჰყვა, კიდევ უფრო გააღრმავა შიდა პოლიტიკური დაპირისპირებაც. კალიფორნიის შტატის გუბერნატორმა ამერიკის პრეზიდენტსა და თავდაცვის მდივანს სასამართლოში უჩივლა. საკმაოდ მკაცრია გუბერნატორის მიმართ ტრამპის რიტორიკაც. თეთრი სახლის ლიდერის შეფასებით, კალიფორნიაში ბოლო დღეებში მიმდინარე მოვლენები ხელოვნურად არის წაქეზებული. თავის მხრივ შტატის ხელმძღვანელობა ამერიკის პრეზიდენტს კრიზისის ხელოვნურად შექმნაში ადანაშაულებს. დაკავებულია ათეულობით ადამიანი.