არჩევნები 2025 - უთანხმოება ოპოზიციაში 

თვითმმართველობის არჩევნების გამო ოპოზიციურ ფლანგზე დაწყებული უთანხმოება ყოფილი პრეზიდენტის მიმართვამ კიდევ უფრო გააღრმავა.

სალომე ზურაბიშვილის კრიტიკის სამიზნეები ის პოლიტიკური ძალები არიან, რომლებმაც არაერთი მოწოდების მიუხედავად, მუნიციპალურ არჩევნებში მონაწილეობის გეგმა არ შეცვალეს და წინასაარჩევნო კამპანიას განაგრძობენ. მათ აქტივობებს წინააღმდეგობის პლატფორმის ლიდერი თამაშად მიიჩნევს და საარჩევნო მარათონში ჩართვის გამო უკმაყოფილებას კიდევ ერთხელ საჯაროდ გამოხატავს. ყოფილი პრეზიდენტის პოზიცია სრულ თანხვედრაშია ოპოზიციის იმ ნაწილთან, რომელიც 4 ოქტომბრის არჩევნების ბოიკოტირებას უჭერს მხარს და არცთუ შორეულ წარსულში პოლიტიკურ პარტნიორებს ხელისუფლებასთან მოკავშირეობაში ამხელს. მწვავე კრიტიკის და მძიმე ბრალდებების ადრესატებად ქცეული „ლელო“ და გიორგი გახარიას პარტია საკუთარი გადაწყვეტილების სისწორეში დარწმუნებულია და, შესაბამისად, სამოქმედო სტრატეგიის გადახედვას არ აპირებს.