არასრულწლოვნების მკვლელობის საქმე

ხორავას ქუჩის საქმის მთავარი მოწმის ოჯახი ზეწოლაზე ალაპარაკდა. მიხეილ კალანდიას მამა და ძმა მათ დაკავებასაც არ გამორიცხავენ. მკვლელობის ადგილზე მყოფი ახალგაზრდის ოჯახის წევრები, რომლებიც 2017 წლის დეკემბერში დანაშაულის დაფარვის ბრალდებით დააკავეს და შემდეგ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს, მათი დაკავების დეტალებს იხსენებენ და ჰყვებიან, რომ ჩვენებები სამართალდამცავებმა ცემის და ზეწოლის შედეგად მიაცემინეს.

მიხეილ კალანდია, რომელიც გუშინ დავით სარალიძის ჯგუფურ მკვლელობაში მონაწილეობის ბრალდებით აიყვანეს, დანაშაულს არ აღიარებს.

სააპელაციო სასამართლოს მიერ პირველი ინსტანციის განაჩენის შეცვლის შემდეგ დღის წესრიგში იმ პროკურორების და გამომძიებლების პასუხისმგებლობის დაყენების საკითხი აქტიურდება, რომლებიც წელიწადნახევრის წინ მომხდარი შემზარავი მკვლელობის საქმეს იძიებდნენ.