არასრულწლოვანზე ძალადობის საქმე

თბილისის საქალაქო სასამართლო არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის ფაქტზე დაკავებული პირის  აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე მსჯელობს.

სახელმწიფო ბრალდება 20 წლის ახალგაზრდის მიმართ პატიმრობის გამოყენებას მოითხოვს. პროკურორი არგუმენტად შესაძლო დანაშაულის სიმძიმესა და მიმალვის საფრთხეს ასახელებს.

დაკავებულს ბრალი ორი მუხლით აქვს წარდგენილი, გამოძიება მას მუქარასა და არასრულწლოვნის მიმართ წინასწარი შეცნობით  ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მცდელობას ედავება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 7 დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ადვოკატის ინფორმაციით, ბრალდებულის პოზიცია უცნობია, რადგან ის ამ დრომდე არც გამოძიებასთან და არც ინტერესების დამცველთან  საუბრობს. ადვოკატის განმარტებით, დაკავებულს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და არ არის გამორიცხული, შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ, მისი პასუხისმგებლობის საკითხი გადაიხედოს.

შეგახსენებთ, რომ შემთხვევა თბილისში ორი დღის წინ მოხდა, 13 წლის მოზარდი სახის არეში მიყენებული დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.