არასამთავრობო ორგანიზაციების პოლიტიკა და ფინანსები

მმართველი გუნდის რიტორიკა არასამთავრობო სექტორის ნაწილის მიმართ მწვავდება.

ხელისუფლება ცალკეულ ორგანიზაციებს დაფინანსების გასაჯაროებისკენ მოუწოდებს და უცხოელ დონორებს სთხოვს, დაინტერესდნენ, რა მიზნებისთვის იხარჯება მათი ფინანსები საქართველოში. საკითხი, რომელიც თვეებია, „ქართული ოცნების“ დღის წესრიგშია, ამჯერად დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის მასალამ გაააქტიურა. სტატიის შინაარსი მძიმეა და ეჭვია გამოთქმული, რომ შესაძლოა საქართველო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გვერდის ასავლელადაა გამოყენებული. ხელისუფლება ორგანიზაციას დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს და მისი დონორისგან რეაგირებას ელოდება. მმართველი პარტია არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილს პოლიტიკური ბრძოლის იარაღად მიიჩნევს და დარწმუნებულია, რომ ზოგიერთი დონორი ორგანიზაცია პარტიებს და არასამთავრობოებს ფარულად და კონკრეტული პოლიტიკური ინტერესების გასატარებლად აფინანსებს.