არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების საკითხი

„კამპანია საეჭვო დაფინანსებით, რომელიც საქართველოს ინტერესებს ეწინააღმდეგება“ – პრემიერის ამ შეფასების შემდეგ, არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან წამოწყებულ კამპანიას, რომელიც საქართველოს ხელისუფლების საგარეო პოლიტიკურ კურსს ეჭვქვეშ აყენებს, დღეს გამოხმაურებები ქართულ პოლიტიკურ სპექტრშიც მოჰყვა. არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დასკვნებში წამოყენებულ ბრალდებებს, სანქციების გვერდის ავლასთან თუ საქართველოში ჩინეთის გაზრდილ ინტერესებთან დაკავშირებით, არასამთავრობოთა დაფინანსების წყაროსთან ვერ აკავშირებენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და ისევ ხელისუფლებას აკრიტიკებენ.

უმრავლესობაში კი ეჭვქვეშ თავად არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებას აყენებენ და აცხადებენ, რომ არაერთგზის მოწოდების მიუხედავად, ზოგიერთი დონორი ორგანიზაცია საკუთარ დაფინანსების წყაროს და ხარჯებს არ ასაჯაროებს.