პარლამენტში კიდევ ერთი სადავო საკანონმდებლო ინიციატივის განხილვა დაიწყო.
საკომიტეტო დონეზე პირველი მოსმენით უკვე მხარდაჭერილია გრანტების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები, რომელიც ბიუჯეტიდან არაკომერციული ორგანიზაციების დაფინანსებას ისახავს მიზნად. კერძოდ, იგულისხმება გრანტების გაცემა მათ შორის იმ არასამთავრობო ორგანიზაციებზეც, რომელთა ინიციატივებსა თუ პროექტებს აღმასრულებელი ხელისუფლება ქვეყნისთვის მნიშვნელოვნად და სასარგებლოდ მიიჩნევს. პროექტის განხილვის პარალელურად სულ უფრო მწვავდება მმართველი გუნდის რიტორიკა მესამე სექტორის ნაწილის მიმართ, რომელსაც „ქართული ოცნება“ უცხოელი დონორისგან მიღებული თანხების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებაში ადანაშაულებს. ბიუჯეტიდან თანხებს სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო განკარგავს. რა კრიტერიუმებით გაიცემა სამთავრობო გრანტები და რამდენად გამჭვირვალე იქნება პროცესი – ხელისუფლების ოპონენტები ინიციატივას მწვავედ აკრიტიკებენ. ანალოგიური პოზიცია აქვთ იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებსაც თვეების წინ პროტესტის ფონზე მიღებული კანონი უცხოეთიდან მიღებული დაფინანსების გამო უცხოური გავლენის წარმომადგენლად დარეგისტრირებას ავალდებულებს.