დავით არახამიას მორიგ ბრალდებას საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ, თბილისში შეფასებები მოჰყვა. საუბარია მიხეილ სააკაშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე, რომელზეც უკრაინელი დეპუტატი გამოძიების დაწყებას ითხოვს. პარტია „გირჩი“ არასერიოზულს უწოდებს ამ გზავნილს, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ პირიქით, ეს აბსოლუტურად მისაღებია. ისინი ამბობენ, რომ უკრაინა თავის მოქალაქეზე ზრუნავს და აღნიშნული საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა არ არის.
კრიტიკულია მმართველი გუნდის პოზიცია. „ქართული ოცნების“ წევრები აცხადებენ, რომ თუკი უკრაინის პროკურატურამ რაიმე უნდა გამოიძიოს, ეს სააკაშვილის მხრიდან უკრაინის საზღვრის უკანონო კვეთაა. უმრავლესობის წევრების შეფასებით, ეს საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლის გაგრძელებაა.
უკრაინის რადას ფრაქციის „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარემ, დავით არახამიამ კიევში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას უკრაინის გენერალურ პროკურატურას მიმართა, რომ „დაიწყოს გამოძიება სააკაშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე“.