ირაკლი კობახიძის ვიზიტი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დაიწყო. მთავრობის მეთაურს საამიროების სახელმწიფო მინისტრი აჰმედ ალ საიე დახვდა. ვიზიტის ფარგლებში მთავრობის მეთაური შეხვედრას გამართავს არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტთან და ტოლერანტობის მინისტრთან. ასევე ხელი მოეწერება თანამშრომლობის მემორანდუმს ერთ-ერთ უმსხვილეს დეველოპერულ კომპანია EMAAR-თან, რომლის ფარგლებშიც საქართველოში მრავალმილიარდიანი ინვესტიცია უნდა განხორციელდეს. ამასთან, დაგეგმილია შეხვედრა აბუ-დაბის სახელმწიფო საინვესტიციო კომპანიასთან და აბუ-დაბი პორტის ჯგუფთან, რომელიც აქტიურად არის ჩართული შუა დერეფნის განვითარებაში. კომპანია ახორციელებს თბილისის მშრალი პორტის პროექტს, რომელიც 2025 წელს დასრულდება. ირაკლი კობახიძე აბუ დაბიში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაში ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, თბილისის მერი კახა კალაძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან.