აქონდროპლაზიით დაავადებული ბავშვების მშობლების მოთხოვნა

აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლების აქცია გრძელდება. გასული ღამე რამდენიმე ადამიანმა მთავრობის ადმინისტრაციასთან გაათენა. ისინი პრემიერ-მინისტრთან შეხვედრასა და წამლის დაფინანსების საკითხის მოგვარებას ითხოვენ. აქციის მონაწილეების განცხადებით, მთავრობის ადმინისტრაციასთან პროტესტს 24-საათიან რეჟიმში გააგრძელებენ იქამდე, სანამ მათ მოთხოვნებს პრემიერ-მინისტრი არ უპასუხებს. დღესვე მშობლები მსვლელობას გამართავენ და მთავრობის ადმინისტრაციიდან ფეხით რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლებენ.

აქონდროპლაზიით დაავადებული ბავშვების მშობლებს უპასუხა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ. თამარ გაბუნიას განცხადებით, თუ მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლომდე ევროკავშირის თუნდაც რამდენიმე ქვეყანაში პაციენტებისთვის ამ მედიკამენტით უზრუნველყოფა მოხდება, საქართველო მზადაა, უცხოური პრაქტიკა გაიზიაროს. მინისტრის მოადგილემ განმარტა ისიც, რომ უწყება მზად არის, ორგანიზება გაუწიოს და დააფინანსოს აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების სხვა თანმდევი დაავადებების დიაგნოსტიკა, მკურნალობა, რეაბილიტაცია და ყველა საჭირო პროცედურა, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ.