აქციებზე დაკავებულების სასამართლო პროცესი

რუსთაველის გამზირზე აქციების დროს დაკავებული პირების სასამართლო პროცესები გრძელდება. ორი პროცესი, სადაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებთან დაკავშირებით უნდა ემსჯელათ, გადაიდო. ერთი არის არასრულწლოვნის საქმე, მეორე კი ბიზნესმენ ავთანდილ კუჭავას საქმე. ამ პროცესებზე მხოლოდ მხარეთა შუამდგომლობები მოისმინეს. ბიზნესმენს პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან. ის 30 ნოემბერს დააკავეს და როგორც მისი უფლებადამცველი აცხადებს, ფიზიკურად გაუსწორდნენ. მისივე თქმით, მისი დაზიანებები იმდენად მძიმე იყო, რომ პოლიციის განყოფილებიდან კუჭავა პირდაპირ სამედიცინო დაწესებულებაში მოხვდა, სადაც რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარდა. ამ დრომდე კი წოლითი რეჟიმი აქვს, რის გამოც სხდომას ის დისტანციურად ჩაერთო.