აქციები ევროპაში – შეფასებები
ევროპაში მიმდინარე აქციები და ორმაგი სტანდარტი თბილისში პოლიტიკური განცხადებების თემაა. „დიდი დრო არ გასულა მას შემდეგ, რაც საქართველოში „მოლოტოვის კოქტეილების“ რომანტიზებას ევროპული დემოკრატიის ფონდი აფინანსებდა, ხოლო სხვადასხვა ევროპარლამენტარი ძალადობრივი აქციების მონაწილეებს მხარდაჭერას უცხადებდა“, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი ევროპაში მიმდინარე პროცესების შესახებ წერს. მისი თქმით, ახლა, როდესაც ძალადობა მათივე ქვეყნების ქუჩებში ხდება, შეფასებებიც რადიკალურად განსხვავებულია.
საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ლორან ნუნიესმა, პოლიციელების მიმართულებით „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლა პირდაპირ „მკვლელობის მცდელობად“ შეაფასა. ამ ფონზე პარლამენტის ვიცე-სპიკერი იხსენებს, რომ საქართველოში აკრედიტებული რიგი დიპლომატები მოძალადეების დასაცავად განცხადებებს არ იშურებდნენ, სასამართლო პროცესებს არ ტოვებდნენ, მოსამართლეებზე ზეწოლის შთაბეჭდილებას ქმნიდნენ და თბილისის ქუჩებში მიმდინარე არეულობის მიმართ განსაკუთრებულ სოლიდარობას გამოხატავდნენ. ევროპაში გამართულ აქციებს საქართველოს პოლიტიკურ სპექტრში აქტიურად ეხმაურებიან.