აქცია ტირანაში
ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში, სადაც ანტისამთავრობო საპროტესტო აქციები რამდენიმე კვირაა მიმდინარეობს, მომიტინგეებმა სამართალდამცველებს მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს. მედიის ცნობით, დღეს ტირანაში ორი საპროტესტო აქცია გაიმართა. მათგან ერთი – სტუდენტების, მასწავლებლებისა და ახალგაზრდების მიერ იყო ორგანიზებული და ის თავდაპირველად ქვეყნის განათლების სამინისტროს წინ იმართებოდა, მეორე აქცია კი – რომელიც ოპოზიციური „დემოკრატიული პარტიის“ მიერ იყო ორგანიზებული, პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის წინ მიმდინარეობდა. მედიის ინფორმაციით, მოგვიანებით სტუდენტების აქციამ პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციისკენ გადაინაცვლა, სადაც პოლიციასთან დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეები „მოლოტოვის კოქტეილებს“ და მყარ საგნებს ისროდნენ, ასევე ცეცხლი წაუკიდეს ნაგვის ურნებს. პოლიციამ დემონსტრანტების დასაშლელად წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. მომიტინგეები პრემიერ-მინისტრ ედი რამას გადადგომას მოითხოვენ.