გიორგი დანელიას და იოსელიანის ქუჩის მცხოვრებლები მშენებლობას აპროტესტებენ. მათი თქმით, 13 მაისს, დანელიას ქუჩაზე მშენებლობის დროს, კლდის ფერდის ჩამოშლამ დაადასტურა, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე მშენებლობა საფრთხის შემცველია. ასევე, მოსახლეობა ითხოვს, რომ დანელიას ქუჩაზე მშენებლობებზე გაცემული ნებართვები გაუქმდეს და ფერდს საცხოვრებელი „ზონა 2“-ის სტატუსი დაუბრუნდეს. მოსახლეობას თბილისის მერიის წარმომადგენლები შეხვდნენ. მერიაში პირველ არხს განუცხადეს, რომ დანელიას ქუჩაზე სამშენებლო უსაფრთხოების ნორმების დარღვევისთვის, მათ მყისიერი ღონისძიებები გაატარეს. ამ დროისთვის მშენებლობის პროცესი შეჩერებულია, უსაფრთხოების ნორმების დარღვევისთვის კი, მშენებელი კომპანია 30 000 ლარით დაჯარიმდა. მერიის ინფორმაციით, სამშენებლო კომპანიას დაევალა, დამუშავებული კონსტრუქციული პროექტისა და საექსპერტო დასკვნის საფუძველზე გამაგრებითი სამუშაოები განახორციელოს.