აქცია „თბილისი პრაიდის“ წინააღმდეგ

„თბილისი პრაიდის“ წინააღმდეგ აქციის მონაწილეები ცოტა ხნის წინ მსვლელობით კვლავ პარლამენტის შენობასთან დაბრუნდნენ. აქცია დღეს საკანონმდებლო ორგანოსთან დაიწყო. გაიმართა მსვლელობა ჯერ პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისამდე, შემდეგ საქართველოში ევროკავშირის დიპლომატიურ წარმომადგენლობამდე. შეკრებილები აცხადებენ, რომ პრაიდის ორგანიზატორების განცხადების არ სჯერათ და ფიქრობენ, რომ პრაიდის წარმომადგენლები თბილისის ცენტრალურ გამზირზე აღლუმის მოწყობას შეეცდებიან, ამის საშუალებას კი აქციის მონაწილეები არ მისცემენ და მათივე თქმით, ტერიტორიას დაიცავენ.

პროტესტის მიმდინარეობისას ადგილზე მოხდა ინციდენტიც, აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ პარლამენტთან თავის დაწვა სცადა, თუმცა პოლიციამ სიტუაციის განეიტრალება შეძლო, დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარებამ კლინიკაში გადაიყვანა. რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებმა დღეს პრაიდისა და ნატო-ს დროშები დახიეს.