აქცია სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან

ჟურნალისტ მზია ამაღლობელის საქმეზე მედიის წარმომადგენლების პროტესტი გრძელდება.

სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენლები სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან შეიკრიბნენ. ისინი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საქმესთან დაკავშირებით სამსახურის უფროსთან კოკა კაციტაძესთან შეხვედრას ითხოვენ. როგორც ჟურნალისტები აცხადებენ, მზია ამაღლობელს დაზარალებულის სტატუსი უნდა ჰქონდეს მინიჭებული და უნდა იყოს გამოძიებული მისი საქმე. მედიასაშუალებების წარმომადგენლები სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან ასევე სკანდირებენ – „თავისუფლება მზიას“, „თავისუფლება პოლიტპატიმრებს”. საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელთან შეხვედრის მიზნით მათ უწყებას ოფიციალური განცხადებითაც მიმართეს, რომელიც აქციის დროს დაიწერა კოკა კაციტაძის სახელზე. საპროტესტო აქცია ამავე მოთხოვნებით ჟურნალისტებმა დღის პირველ ნახევარში მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართეს. პროტესტზე ჟურნალისტები დღესაც შეიკრიბნენ ასევე ქალაქ ბათუმში.