ერთიანობის მიღწევა ოპოზიციისთვის მთავარ გამოწვევად იქცა.
ამჯერად სწორედ ერთობისკენ მოწოდებები იყო აქცენტირებული ყოფილი პრეზიდენტის გუშინდელ გამოსვლაში, რომელმაც ოპოზიციის ნაწილს იმედი კიდევ ერთხელ გაუცრუა. სალომე ზურაბიშვილის გზავნილებს ახლაც ყველაზე მეტად „ნაციონალური მოძრაობა“ აკრიტიკებს, რომელიც მის მიერ შექმნილი წინააღმდეგობის პლატფორმისგან მესამე თვეა, საჯაროდ დისტანცირებულია. პოლიტიკური აქტორები წინააღმდეგობის გაძლიერების და აქტიური მოქმედებების აუცილებლობაზე მიუთითებენ, თუმცა საერთო სტრატეგიაზე ვერ თანხმდებიან, რისი ერთ-ერთი მიზეზიც თვითმმართველობის არჩევნებზე გაყოფილი პოზიციებია. სწორედ ამ საკითხზე მკაფიო განცხადების არ გაკეთების გამო საყვედურობს ამჯერად ექს-პრეზიდენტს ოპოზიციის ის ნაწილი, რომლისთვისაც ხელისუფლების ცვლილების გზა სწორედ არჩევნების ბოიკოტზე და „ქართული ოცნების“ ლეგიტიმაციის არ აღიარებაზე გადის. ამ ფონზე მთავარი კრიტიკის ობიექტები „ლელო“ და გახარიას პარტიაა, რომელთაგან ერთი მუნიციპალურ არჩევნებში ერთვება, მეორეს კი გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. სწორედ მათი მისამართით გაკეთებული განცხადების გამო მედიის განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში მოექცა კოალიცია „ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი და მოახლოებული არჩევნების ბოიკოტირების მომხრე ელენე ხოშტარია, რომელიც მეოთხე დღეა, შიმშილობს.