აქცია პარლამენტთან

„სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ტელეკომპანია „იმედის“ თანამშრომლებისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლას გულისხმობს. სამსახურის განცხადებით, ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. სწორედ ტელეკომპანია „იმედისა“ და ასევე „პოსტივის“ ჟურნალისტების მიმართ იყვნენ განსაკუთრებით აგრესიულები აქციის მონაწილეები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ გამართულ გუშინდელ აქციაზეც. აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ „პოსტივის“ ოპერატორის კამერის დაზიანება სცადა.

ასევე, სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა საქართველოს პირველი არხის გადამღებ ჯგუფთანაც. აქციის რამდენიმე მონაწილე „მოამბის“ ჟურნალისტსა და ოპერატორს მიმდინარე მოვლენების გაშუქებაში ხელს უშლიდა. ისინი ცდილობდნენ, თავად მიეთითებინათ, თუ რა უნდა გადაეღოთ აქციაზე. ისინი კამერას ეფარებოდნენ, რათა ოპერატორს არ ჰქონოდა საშუალება, გადაეღო აქციაზე მიმდინარე პროცესები.