დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია გამართეს.
შეკრებილები პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას და კონკრეტულ პასუხს ითხოვდნენ, დააფინანსებს თუ არა სახელმწიფო დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვებისთვის საჭირო მედიკამენტის შემოტანას.
კანცელარიასთან მდგომარეობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც აქციის მონაწილეებმა კანცელარიის კარისკენ გადაინაცვლეს. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.
დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები კანცელარიაში შესვლას ითხოვდნენ, სამართალდამცავები კი, აქციის მონაწილეებს უხსნიდნენ, რომ შენობაში შესვლის ნებართვას მხოლოდ ორ მშობელს ექნებოდა, რაზეც მათ უარი განაცხადეს.
დიუშენი არის უიშვიათესი გენეტიკური დაავადება, რომელიც იწვევს კუნთების დასუსტებას და ადრეულ ასაკში სიკვდილს. დიაგნოზი 100-მდე ბავშვს აქვს საქართველოში დადასტურებული. მათ ესაჭიროებათ თანამედროვე მედიკამენტები, რომელიც, როგორც აქციის მონაწილეები განმარტავენ, ევროპის წამყვან ქვეყნებში უკვე გაყიდვაშია.