აქცია კახეთში
ღვინის ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს და ჩასაბარებელი ყურძნის ფასებში ცვლილება შეაქვს. საქართველოს მთავრობასთან და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან კონსულტაციების შედეგად, გათვალისწინებულია წელს მოსული უხვი ნალექი, რამაც ყურძენს შაქრიანობის პრობლემა შეექმნა. ახალი ფასებით – მაღალკონდიციური ყურძენი, საფერავის შემთხვევაში 20 გრადუსიდან ზემოთ, ლარ-ნახევარი ეღირება, სხვა დანარჩენი ყურძნის შემთხვევაში კი – 19 გრადუსიდან ზემოთ, 1 ლარით და 30 თეთრით განისაზღვრება. დაბალკონდიციური ყურძნის ფასი – საფერავი 16 დან 20 გრადუსამდე 1 ლარი ეღირება, სხვა დანარჩენი სახეობები 16-დან 19 გრადუსამდე კი – 90 თეთრით განისაზღვრება.ღვინის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, ყურძენი, რომლის შაქრიანობაც 16 გრადუსამდე განისაზღვრება, არაკონდიციურად ითვლება და არც საღვინედ არის ვარგისი და არც სასპირტედ.
შეგახსენებთ, რომ დღეს დილიდან კახელი მევენახეები ყურძნის ფასს აპროტესტებენ. აქციები ყვარელსა და გურჯაანში დილიდან ერთდროულად დაიწყო. მოსახლეობა არაკონდიციურ ყურძენზე დადგენილი 17-პროცენტიანი შაქრიანობის გაუქმებას ითხოვდნენ. მევენახეები ამბობენ, რომ საწარმოებში 17-პროცენტიანი შაქრიანობით მოსავალს მინიმალურ ფასად — 30 თეთრად იბარებენ, რაც მათთვის კატეგორიულად მიუღებელია. მათივე თქმით, მიზერული თანხა მთელი წლის განმავლობაში ვენახის მოვლისთვის გაწეულ ხარჯებს ვერ ანაზღაურებს. აქციის მონაწილეები კილოგრამ რქაწითელის ყურძენზე საწიყის ფასის 1 ლარით განსაზღვრას, ხოლო მაღალი შაქრიანობის მქონე ყურძენზე, შაქრიანობის შესაბამისად ანაზღაურებას ითხოვდნენ. აქცია ველისციხეში და ჭიკაანში ამ წუთებშიც მიმდინარეობს.