აქცია ჭიათურაში

პროტესტი ჭიათურაში გრძელდება – გაფიცული მაღაროელები ხელფასის 50 პროცენტით მომატებას მოითხოვენ. მაღაროელები აქციის გაგრძელებას იქამდე აპირებენ, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. „ჯორჯიან მანგანეზის“ შეთავაზებას, მაისისთვის ხელფასის 250 ლარით მატებაზე, მაღაროელები არ თანხმდებიან. დღეს აქცია ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიასთან გაგრძელდა.

მსგავსი მოთხოვნით ქალაქის ცენტრში აქციებს 2019 წელსაც მართავდნენ, მაშინ დასაქმებულებსა და კომპანიას შორის შეთანხმება შედგა და ხელფასი 35 პროცენტით გაიზარდა. „ჯორჯიან მანგანეზმა“ მაღაროელებს შეთავაზება ამჯერადაც გაუკეთა და თითოეულ დასაქმებულს ხელფასის წელიწადში 3.200 ლარით მომატება შესთავაზა. ანაზღაურების მატებასთან დაკავშირებით, შედეგიანად დასრულდა მოლაპარაკება ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის თანამშრომლებთან. „ჯორჯიან მანგანეზის“ ინფორმაციით, შემდგარი შეთანხმების მიხედვით, ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის მუშა-მოსამსახურეების ანაზღაურება მაისიდან 250 ლარით გაიზრდება.