ანულირებული შეთანხმება - საერთაშორისო გამოხმაურებები

გაუქმებული შეთანხმება და მწვავე საერთაშორისო გამოხმაურება. ბრიუსელი და ვაშინგტონი იმედგაცრუებულია. შარლ მიშელის დოკუმენტიდან მმართველი პარტიის ცალმხრივად გასვლის შემდეგ, ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორების მთავარი მოწოდება შეთანხმებით გათვალისწინებული რეფორმების გატარებაა. კეთდება მინიშნებები დახმარებების პირობითობაზე, ევროატლანტიკური ინტეგრაციის საფრთხეზე და პოლიტიკური კრიზისის კიდევ უფრო გამწვავებაზე. თითქმის ყველა განცხადებაში ნეგატიურად ფასდება ის გარემოებაც, რომ ყველაზე მსხვილ ოპოზიციურ პარტიას შეთანხმებაზე ხელი ამ დრომდე არ აქვს ხელმოწერილი. ყველაზე დიდი ინტერესი დღეს შარლ მიშელის რეაქციის მიმართ იყო. მითუმეტეს, რომ რამდენიმე უშედეგო რაუნდის შემდეგ გაფორმებული შეთანხმების ავტორი საქართველოს წინა კვირას სტუმრობდა და მისი სახელობის შეთანხმების შესრულების პროცესს ქართულ პოლიტიკურ სპექტრთან განიხილავდა. ოპოზიციის ნაწილი მიშელის დღევანდელი რეაქციის გამო უკმაყოფილებას ვერ მალავს. ხელისუფლების ოპონენტები მმართველ გუნდზე საერთაშორისო ზეწოლის გაძლიერებას ითხოვენ.