ანტიკორუფციულმა ბიურომ მუშაობა დაიწყო

ევროკომისიის მეოთხე პუნქტს ხელისუფლება შესრულებულად აცხადებს.

რეკომენდაციას, რომელიც ანტიკორუფციული სააგენტოს გაძლიერებას და ელიტური კორუფციის ფაქტების ეფექტურ გამოძიებას გულისხმობს, მმართველმა გუნდმა ანტიკორუფციული ბიუროს შექმნით უპასუხა. ახალი უწყება საქმიანობას დღეიდან იწყებს. ბიურო პარლამენტის წინაშე იქნება ანგარიშვალდებული და კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად რამდენიმე მიმართულებას გააერთიანებს, მათ შორის პარტიების დაფინანსების და საჯარო მოხელეების დეკლარაციების მონიტორინგს. მისი ფუნქცია იქნება კორუფციის პრევენციისთვის სტრატეგიული და ანალიტიკური დოკუმენტების მომზადებაც. უწყების ხელმძღვანელი მესამე სექტორთანაც აქტიურ თანამშრომლობას აანონსებს. ხელისუფლებისგან გასხვავებით, ოპოზიცია ანტიკორუფციულ ბიუროს ინსტიტუციურად დამოუკიდებელ ორგანოდ არ მიიჩნევს და შესაბამისად, ევროკომისიის მეოთხე პუნქტს შეუსრულებლად აცხადებს.