დეზინფორმაცია და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანა, ასე ეხმაურება ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი, რაჟდენ კუპრაშვილი, არასამთავრობო სექტორის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ბიურომ არასამთავრობო სექტორს, მათი ბენეფიციარების პერსონალური მონაცემების გადაცემა მოსთხოვა.
რაჟდენ კუპრაშვილის თქმით, ბიურო კანონით დადგენილი ნორმებით მოქმედებს, რომლის მიხედვითაც მისი ვალდებულებაა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების, საარჩევნო სუბიექტისა და განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირის ფინანსური საქმიანობის მონიტორინგი, საქართველოს კანონის – „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის“ აღსრულების მიზნით. ბიუროს ხელმძღვანელის შეფასებით, მოთხოვნილი სამართლებრივი და ფინანსური დოკუმენტაცია, არ ცდება საკანონმდებლო უფლებამოსილების ფარგლებს და მიმართულია მხოლოდ გრანტის მიმღები ან პოლიტიკური აქტივობის მქონე ორგანიზაციების საქმიანობის მიზნობრიობის შესწავლისკენ. კუპრაშვილის განმარტებით, კანონმდებლობის შესაბამისად, სრულად იქნება უზრუნველყოფილი პროფესიული თუ პერსონალური ინფორმაციის დაცულობა.