ანგარიში სააკაშვილის ლობისტური კომპანიის საქმიანობაზე

ევროპარლამენტის რეზოლუციები, სანქციები საქართველოსთვის, შეწყალების მოთხოვნით საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის მცდელობა, პოლონელი ექიმები – ეს ის მონაცემებია, რომელსაც აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი მიხეილ სააკაშვილისა და გიული ალასანიას დაქირავებული ლობისტების საქმიანობაზე ავრცელებს.

დოკუმენტებით დგინდება, რომ ლობისტურმა კომპანია „აკერმანმა“ ექვსთვიანი საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სხვადასხვა სახის აქტივობა განახორციელა. მათ შორისაა: „სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სატელეფონო ზარები და წერილები სამედიცინო ექსპერტებთან; ევროპარლამენტისთვის შეთავაზებული რეზოლუციის პროექტების მომზადება; საკონფერენციო ზარი „როიტერთან“ ლობირებისა და დიპლომატიური ძალისხმევის შესახებ, რომელიც მიზნად ისახავს სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლებას სიცოცხლის გადარჩენის მიზნით; კომუნიკაცია ევროპარლამენტის წამების პრევენციის კომიტეტთან დახმარების მისაღებად; კომუნიკაცია ქართული პოლიციის მიერ სააკაშვილის წამების ვიდეოკადრების საზოგადოებისთვის გავრცელებისთვის; კომუნიკაცია სააკაშვილის საქმის მაგნიტსკის სიაში შეტანის და მასალების მომზადებასთან დაკავშირებით; კოორდინაცია გაერთიანებული სამეფოს ოფიციალურ პირებთან, აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან მასალების გადაცემის მიზნით; ამერიკელი სენატორების დარწმუნების სტრატეგია, საქართველოს წინააღმდეგ სანქციების გატარებაში;
მუშაობის გაგრძელება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსა და საქართველოში სასამართლოებში სამართალწარმოებასთან დაკავშირებით, ასევე მედია გაშუქების კუთხით; კომუნიკაცია გაერთიანებული სამეფოს ოფიციალურ პირებთან და მცდელობა, დაერწმუნებინათ ისინი, გაეტარებინათ სანქციები საქართველოს წინააღმდეგ; კომუნიკაცია აშშ-ის საელჩოს თანამდებობის პირებთან თბილისში, ოფიციალურ პირებთან პოლონეთში, რათა მიეცათ პოლონელი ექიმებისთვის უფლება, ემკურნალათ სააკაშვილისთვის;
ნიუ იორკში ვიზიტის დროს საქართველოს მოქმედ პრეზიდენტთან შეხვედრის მოწყობის მცდელობა, სააკაშვილის შეწყალების მოთხოვნით; ევროპარლამენტის წევრებთან კომუნიკაციის გაგრძელება – ნათქვამია აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტებში.

ამ მონაცემების თანახმად, ლობისტურ საქმიანობაში გადახდილია 96 393 დოლარი. თანხის გადამრიცხავებს შორის არიან გიული ალასანია, თემურ ალასანია და კომპანია „აკერმანი“. მათგან ყველაზე მსხვილი გადარიცხვა თემურ ალასანიამ განახორციელა, თითქმის 32 ათასი ამერიკული დოლარის ოდენობით.

ანგარიში სააკაშვილის ლობისტური კომპანიის საქმიანობაზე – შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში