ანდრია ჯაღმაიძის განცხადება

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი გავრცელებულ ფაილებსა და ჩანაწერებს სოციალურ ქსელში ეხმაურება. დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განმარტებით, სავარაუდო უკანონო მოსმენების საქმე გამოძიებული უნდა იყოს და როდესაც მეტ-ნაკლები სიცხადე გამოიკვეთება, დასკვნა ამის შემდეგ უნდა გაკეთდეს. მისი თქმით, უკანონო მიყურადება და მსგავსი მასალების გასაჯაროება სრულიად მიუღებელია, თუკი ასეთი ფაქტი დამტკიცდა. ჯაღმაიძის განცხადებით, საპატრიარქოს ხელი არ მიუწვდება გავრცელებულ მასალებზე და ვისაც წვდომა აქვს, გადასცენ.

ინტერნეტში სასულიერო პირებსა და საპატრიარქოს თანამშრომლებზე სავარაუდო წერილობითი და აუდიომასალა გავრცელდა. ის ცალკეულმა ტელეკომპანიებმა ეთერითაც გადასცეს. გავრცელებული ფაილები სასულიერო პირების პირად ცხოვრებას ეხება. ფაილები შეიცავს არასრულწლოვანთა შესახებ ინფორმაციასაც. საქმეზე პროკურატურაში გამოძიება უკვე დაიწყო.