ლეგიონ „აზოვის“ დამფუძნებლის, ანდრეი ბილეცკის ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა „აზოვსტალში“ გამაგრებული სამხედროების დასახმარებლად, ოპერაცია ხუთჯერ ჩაატარეს და მათი უმრავლესობა წარმატებული იყო. ამის შესახებ ბილეცკიმ უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა. ბილეცკი ასევე საუბრობს რამდენიმე ეპიზოდზე, როდესაც უკრაინელმა სამხედრო მფრინავებმა ვერტმფრენებით, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე მედიკამენტებისა და პირველადი დანიშნულების საგნების ჩატანა შეძლეს. ლეგიონ „აზოვის“ დამფუძნებლის თქმით, ეს ოპერაციები უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს მიერ იყო დაგეგმილი. მისივე განცხადებით, ვერტმფრენებით მარიუპოლის ტერიტორიაზე 72 მებრძოლის ჩაყვანაც კი მოხერხდა პოზიციების გასაძლიერებლად. ბოლო გაფრენის დროს კი, ქალაქში ჩაიყვანეს ექიმები, მათ შორის ორი ქირურგი, ანესთეზიოლოგი და ექთანი. ბილეცკი აღნიშნავს, რომ მფრინავების უმეტესობა აცნობიერებდა, რომ დიდი ალბათობით დაიღუპებოდა, თუმცა რუსების მიერ ალყაში მოქცეულ ქალაქში მაინც მიფრინავდნენ.