ანალენა ბერბოკის ვიზიტი დასრულებულია

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველო დატოვა. ანალენა ბერბოკი თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში ქართველმა კოლეგამ, ილია დარჩიაშვილმა გააცილა. ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, ბერბოკი საგარეო უწყების ხელმძღვანელის გარდა, მთავრობის მეთაურსაც შეხვდა. გერმანელი მინისტრი ასევე მიიღო საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა. ვიზიტის ფარგლებში, ბერბოკი საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფელსაც ეწვია და არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო. გერმანიის პირველმა დიპლომატმა პატივი მიაგო საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალსაც. აღსანიშნავია, რომ ეს საქართველოში გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის პირველი ოფიციალური ვიზიტი იყო.