„საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას სურს, რომ მათმა ქვეყანამ გააგრძელოს ევროპული გზა. ისინი ევროპას გულით ატარებენ და პროევროპული პროტესტები მათი ხმაა. თუმცა, მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ პასუხისმგებელი პირები პასუხობენ დაშინებით, ძალადობითა და წყლის ჭავლით.“ – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც გერმანიის საგარეო უწყება ავრცელებს. „2023 წლის დეკემბერში საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება რეფორმების მკაფიო დაპირებებს უკავშირდებოდა. მაგრამ პროგრესის ნაცვლად, ჩვენ ვხედავთ საგანგაშო უკუსვლას: არჩევნები, რომელსაც მკაცრად აკრიტიკებენ საერთაშორისო დამკვირვებლები, არაპროპორციული ძალადობა დემონსტრანტების მიმართ, ე.წ. გამჭვირვალობის კანონი ან ლგბტქი უფლებების შეზღუდვა. „ქართული ოცნება“ ამით კარგავს ისტორიულ შესაძლებლობას, რომელსაც ევროკავშირი სთავაზობს ქვეყანას. ბოლო კვირებსა და თვეებში „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყანა სულ უფრო დააშორა ევროკავშირს, რითაც სერიოზული საფრთხე შეუქმნა გერმანიასთან საქართველოს პარტნიორობას, რომელიც ათწლეულებს ითვლის. შედეგად, ჩვენ შევამცირეთ თანამშრომლობა ქვეყნის ხელისუფლებასთან და შევაჩერეთ 200 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების მხარდაჭერის პროექტები. ამავდროულად, ჩვენ განვიხილავთ შემდგომ ზომებს ევროკავშირში ჩვენს პარტნიორებთან, ქართველი ოფიციალური პირებისთვის უვიზო რეჟიმის გაუქმებიდან მიზნობრივ სანქციებამდე. ბურთი „ქართული ოცნების“ პასუხისმგებელი პირების მოედანზეა. ახლა მათზეა დამოკიდებული, გააკეთონ ყველაფერი ღრმა პოლიტიკური კრიზისის დასასრულებლად, ნდობის აღსადგენად და ქართველი ხალხისთვის რეალური პერსპექტივების შესათავაზებლად – ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დასაბრუნებლად,“, – ნათქვამია გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებაში.