ანაკლიის პორტის მშენებლობა

ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურთან მისასვლელი საავტომობილო გზისა და რკინიგზის საპროექტო დოკუმენტაციის მოსამზადებლად გამარჯვებული კომპანია გამოვლინდა.

პროექტს ავსტრალიური მულტინაციონალური კომპანია „სმექი“ მოამზადებს. „სმექმა“ ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურთან მისასვლელი გზისა და რკინიგზის საპროექტო დოკუმენტაცია შვიდ თვეში უნდა მოამზადოს. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება შვიდ მილიონ ლარს შეადგენს.

გზისა და რკინიგზის მშენებლობა ნავსადგურის ოპერირების დაწყებამდე დასრულდება. პროექტის მოსამზადებლად ინტერესთა გამოხატვის პირველ ეტაპზე, დაინტერესება ოთხმა კომპანიამ გამოხატა, ხოლო ფინანსური წინადადების გახსნის ეტაპზე სამი კომპანია გადავიდა. მათგან საუკეთესო წინადადება, ტექნიკური და ფინანსური კუთხით კომპანია „სმექმა“ წარმოადგინა.