ანაკლიის პორტის მშენებლობა

21:01, 01.09.2026

მასშტაბური სტრატეგიული ობიექტის მშენებლობის ერთ-ერთი რთული ეტაპი დაიწყო: ანაკლიის პორტში აკვატორიის დასაღრმავებლად ბელგიური კომპანიის ფლოტის მეორე გემი შემოვიდა. ფსკერის დაღრმავების სამუშაოებში ერთდროულად ორი გემია ჩართული. მიზანია, რომ ფსკერი 17 მეტრამდე დაღრმავდეს, რაც ნავსადგურს მომავალში შავ ზღვაში მცურავი ყველაზე დიდი გემის მიღების შესაძლებლობას მისცემს. ბელგიურ კომპანია „ჯენ დე ნულს“, რომლის ხომალდები ფსკერს აღრმავებენ, მსოფლიო მასშტაბით 117 პროექტი აქვს განხორციელებული. გეგმის მიხედვით, ნავსადგურმა პირველი გემი სამი წლის შემდეგ უნდა მიიღოს. ამ დროისთვის სამუშაოები გეგმის და გრაფიკის დაცვით მიმდინარეობს. ცოტა ხნის წინ, პორტის მიმართ სახელმწიფო მიდგომა შეიცვალა – დაინერგა ლენდ-ლორდის მოდელი, რაც ნიშნავს, რომ სახელმწიფოს საკუთრებასა და მმართველობაში არსებული პორტი რამდენიმე ქვეყანასთან და კომპანიასთან თანამშრომლობით განვითარდება. შუა დერეფნის მიმართ მკვეთრად გაზრდილი საერთაშორისო ინტერესის ფონზე, ანაკლიის პორტი და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის სრულად ათვისების კონტექსტში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.

მსგავსი