ანაკლიის პორტი სახელმწიფოს თანამონაწილეობით აშენდება

დღეს საქართველოსთვის კიდევ ერთი სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტის ხელახალი დაწყება დაანონსდა.

საუბარია ანაკლიის პორტზე, რომლის მშენებლობის პირველი ეტაპი ჯერ კიდევ 2020 წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა ექვსი წლის წინ გაფორმებული ხელშეკრულება მთავრობამ 2019 წელს ინვესტორის მხრიდან ვალდებულებების შეუსრულებლობის არგუმენტით შეწყვიტა. მას შემდეგ ანაკლიის განვითარების კონსორციუმი, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძეა, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ საარბიტრაჟო დავას აწარმოებს და სამუშაოების დროს გაწეული ფინანსური ზარალის ანაზღაურებას ითხოვს. ამჯერად მთავრობამ ანაკლიის პორტის მშენებლობა სახელმწიფოს თანამონაწილეობით გადაწყვიტა, რაც ნიშნავს, რომ აქციების საკონტროლო პაკეტი სახელმწიფოს მფლობელობაში იქნება. ინვესტორების შესარჩევად საერთაშორისო კონკურსის ჩატარება მომავალ წელს იგეგმება. მანამდე კი ანაკლიის პორტის პროექტი კიდევ ერთხელ ხდება პოლიტიკური ვნებათაღელვის საგანი.