ანა დოლიძის განცხადება

ანა დოლიძე კახა კალაძის მოწოდებას ნარკოდამოკიდებულების თემის პოლიტიკურად გამოყენების მცდელობად მიიჩნევს.

მისი თქმით, ქვეყანაში, სადაც ყოველდღიურად პირადი ინფორმაციის გავრცელებისა და ჩაწერის შესაძლებლობაა, მეთოდი, რომლითაც დღეს ნარკოლოგიური დამოკიდებულების შემოწმება ხდება, ოპოზიციონერ პოლიტიკოსებზე საშიში და მიუღებელია. „კალაძის მოწოდება არის იმ საბჭოთა პოლიტიკის გაგრძელება, რომელსაც ატარებს ეს ხელისუფლება ნარკოდამოკიდებულების თემასთან მიმართებაში. ნარკოდამოკიდებულების თემის პოლიტიკურად გამოყენების მცდელობა, შარშან ამ დროს კახა კალაძის პარტიამ მოუხსნა ვალდებულება „ქართული ოცნების“ ყველა პარლამენტარს გაევლო ნარკოტესტი, თუ წელს არის ჯანსაღი ცხოვრების პროპაგანდა პრიორიტეტი, შარშან არ იყო? წლების განმავლობაში დგას საკითხი, რომ მეთოდი, რომლითაც ხდება დღეს ნარკოლოგიური დამოკიდებულების შემოწმება, არის საბჭოთა მეთოდი, რომლის ამოსავალი ამოცანა არის აქ მოყვანილი პირის ღირსების გადატეხვა. ამ მეთოდის გატესტვა ოპოზიციონერ პოლიტიკოსებზე, იმ ქვეყანაში, სადაც ყოველდღიურად არის პირადი ინფორმაციის გავრცელებისა და ჩაწერის შესაძლებლობა, ოპოზიციონერ პოლიტიკოსებზე მით უფრო საშიში და მიუღებელია. ეს მეთოდი უნდა შეიცვალოს თანამედროვე მეთოდიკით“, – განაცხადა ანა დოლიძემ. თბილისის მერმა, კახა კალაძემ სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში დღეს ნარკოტესტი ჩააბარა. კალაძის თქმით, მან ეს ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციისთვის გააკეთა. თბილისის მერმა 4 აგვისტოს მერობის კანდიდატებს ნარკოტესტის გავლა შესთავაზა.