ამირან გამყრელიძის შეფასება

საქართველოში კორონავირუსის ექვსი ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ამ დროისთვის ქვეყანაში უკვე 394 ინფიცირებული პაციენტია. მათ შორის გამოჯანმრთელდა 86, გარდაიცვალა ოთხი ადამიანი.

მეოთხე პაციენტი გუშინ საღამოს დაიღუპა. ის აჭარაში „მედალფას“ კლინიკაში მკურნალობდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ახალი შემთხვევების ზრდა კვლავ მოსალოდნელია და თუ რა როლი ითამაშა შეზღუდვების განხორციელებამ ან პირიქით შეუსრულებლობამ, ეს დაახლოებით 10 დღის შემდეგ გამოჩნდება. ამირან გამყრელიძე ფიქრობს, რომ მოქალაქეების დიდმა ნაწილმა გუშინ სოციალური პასუხისმგებლობა გაითვალისწინა, რისთვისაც ის მათ მადლობას უხდის. თუმცა, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ეს ფაქტი აღნიშნული შემთხვევების შემდგომი მატების რისკს მხოლოდ შეამცირებს. ამიტომ ცენტრის ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ დაწესებული შეზღუდვები ამ ეტაპზე უნდა გაგრძელდეს.