ამერიკის შეერთებული შტატები 66 საერთაშორისო ორგანიზაციას დატოვებს

12:01, 08.01.2026

აშშ-ის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა საპრეზიდენტო მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს შეერთებული შტატების გასვლას 66 საერთაშორისო ორგანიზაციიდან, რომლებიც აღარ ემსახურებიან ამერიკის ინტერესებს. თეთრი სახლის ინფორმაციით, მათ შორისაა 35 ორგანიზაცია, რომლებიც გაერო-ს სისტემაში არ შედიან და ასევე გაერო-ს სისტემაში შემავალი 31 სუბიექტი. 66-ს საერთაშორისო ორგანიზაციას შორის, რომლებიც აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, შეერთებულმა შტატებმა დატოვა, ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიაც მოხვდა. აშშ ვენეციის კომისიის სრულყოფილი წევრი 2013 წლიდან იყო, მანამდე კი – 1991 წლიდან დამკვირვებლის სტატუსით სარგებლობდა. მთლიანობაში, აშშ-მა დატოვა გაერო-ს სტრუქტურაში შემავალი 31 ორგანიზაცია და 35 საერთაშორისო ორგანიზაცია გაერო-ს სტრუქტურის მიღმა. აღნიშნულ ორგანიზაციებს შორისაა: ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის ევროპული ცენტრი, გლობალური საზოგადოების ჩართულობისა და მდგრადობის ფონდი, გლობალური ანტიტერორისტული ფორუმი, კლიმატის ცვლილების სამთავრობათაშორისო პანელი, დემოკრატიისა და საარჩევნო დახმარების საერთაშორისო ინსტიტუტი, სამართლიანობისა და კანონის უზენაესობის საერთაშორისო ინსტიტუტი, გაერო-ს დემოკრატიის ფონდი, გაერო-ს ცივილიზაციების ალიანსი და სხვა. როგორც თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, აშშ-მა დატოვა „მფლანგველი, არაეფექტური, ან მავნე ორგანიზაციები“. აღნიშნულ საკითხზე განცხადება გაავრცელა თეთრმა სახლმა, სადაც წერია, რომ ეს ორგანიზაციები არასწორად იმართება, სუსტად ფუნქციონირებს, ამერიკელი ხალხის ფულს ფლანგავს და ამერიკის ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებენ.

მსგავსი