ამერიკელი სენატორების ვიზიტი

შეხვედრა ამერიკელ სენატორებთან – საქართველოში მყოფი ჯინ შაჰინი და დიკ დურბინი დღეს აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან გამართავენ დისკუსიას. დღის ბოლოს კი ვიზიტს სპეციალურ პრესკონფერენციაზე შეაჯამებენ.

შეხვედრა უკვე შედგა მმართველი გუნდის, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წევრებთან და ასევე შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებში მომუშავე ექსპერტებთან. დისკუსიას ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ თავმჯდომარე, ვიქტორ ყიფიანიც ესწრებოდა. მონაწილეების განცხადებით, მიღებაზე ქვეყნების ორმხრივი ურთიერთობები განიხილეს, ასევე ისაუბრეს შავი ზღვის რეგიონის გეოპოლიტიკურ მნიშვნელობაზეც.

შეგახსენებთ, თბილისში ჩამოსვლამდე სენატორებმა განცხადება გაავრცელეს, სადაც ყურადღება გამახვილებულია რუსეთიდან მომდინარე საფრთხეზე. ჯინ შაჰინი აღნიშნავს, რომ ვლადიმერ პუტინი რეგიონში თავისი გავლენის გავრცელებისთვის მოქმედებს, ამიტომ ამერიკამ უფრო მტკიცე პოლიტიკა უნდა ჩამოაყალიბოს.

თბილისიდან სენატორები რუმინეთში გაემგზავრებიან.